პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გადასახადების რეფერენდუმის გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ვიდრე საკითხი საბოლოოდ იქნება მიღებული, შესაძლოა, რეფერენდუმზე გადასაჭრელი გადასახადების საკითხი ისე შემცირდეს, რომ ეს პრინციპი არცერთ გადასახადს აღარ შეეხოს.
საქმე ის არის, რომ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს ყველა გადასახადის გაზრდის თუ შემცირების და ასევე ახალი გადასახადების შემოღების საკითხი. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, როდესაც პრეზიდენტმა ეს იდეა გააჟღერა, მთავრობის მხრიდან გაცხადდა, რომ იგი არ შეეხებოდა საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტში ეს პრინციპი გათვალისწინებული არ არის.
ამას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი იმ არგუმენტით ხსნის, რომ ”ახლა კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ გადასახადების გაზრდისა თუ ახლის შემოღების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. ცხადია, კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, რომელი გადასახადს ეხება და რომელს არა. ამიტომაც ამ საკითხს ორგანული კანონი დაარეგულირებს”.
საინტერესო კი ის არის, რომ ეს ორგანული კანონი ჯერ ბუნებაში არ არსებობს. მელიქიშვილის თქმით კი, კანონპროექტი მას შემდეგ შეიქმნება, რაც პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს.
პრობლემა კი ის არის, რომ პრეზიდენტის ამ იდეას, თანდათან არგასაზრდელი გასახადები აკლდება და ძნელი სათქმელია, ბოლოს რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა რომელ გადასახადს შეეხება. რამდენიმე დღის წინათ პრემიერის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პრინციპი აქციზის გადასახადს არ შეეხებოდა.
ახლა კი უკვე იმაზეც დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს პრინციპი არც ქონების გადასახადს უნდა შეეხოს. ყოველ შემთხვევაში, ამ მოთხოვნას ისევ საპარლამენტო უმრავლესობაში აყენებენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბეჟან ბუცხრიკიძემ განაცხადა, საქართველოში ქონების გადასახადი თითქმის არ არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მომავალში მიიღებს ქონების გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილებას, ამ საკითხს რეფერენდუმზე მხარს არავინ დაუჭერ, ვინაიდან ”არავინ დათანხმდება მისთვის ქონების გადასახადის გადახდის დაკისრებას”. შესაბამისად, ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ რეფერენდუმზე ქონების გადასახადის გაზრდის საკითხი არ უნდა დადგეს. მელიქიშვილის განცხადებით კი, ამ თემაზე მსჯელობა სესიაზე გაიმართება და გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კიდევ ერთ საკითხს აყენებენ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციას განეკუთვნება. კერძოდ, ქონების გადასახადის რეგულაცია ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს, რისთვისაც ზედა ზღვარია დაწესებული. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გადაიფიქრებს რეფერენდუმზე ქონების გადასახადის გაზრდის საკითხის დაყენებას, მაშინ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს რაიმე მექანიზმი, რათა ადგილობრივ თვითმმართველობებს გარკვეულ საზღვრებში ქონების გადასახადის რეგულაციის შესაძლებლობა არ დაეკარგოთ.
საინტერესოა, რომ ექსპერტებს ეს ტენდენცია არ უკვირთ, ვინაიდან, როგორც ლადო პაპავა აცხადებს, პრეზიდენტის ეს იდეა თავიდანვე შეცდომა იყო და ახლა მთავრობას ამ საკითხის შერბილება უწევს.
-”გადასახადების საკითხი უკავშირდება ეკონომიკურ პოლიტიკას და არის მთავრობის პრეროგატივა, რომელიც უნდა შეათანხმოს პარლამენტთან. ეკონომიკური პოლიტიკა კი ცვალებადია და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, გადასახადების შემოღება-არშემოღების, თუ გაზრდა-გაუზრდელობის საკითხი რეფერენდუმზე წყდებოდეს. რეფერენდუმზე იმ საკითხის გატანა, რომელზეც წინასწარ იცი, რომ პასუხი იქნება უარყოფითი, არ შეიძლება. შეუძლებელია, რეფერენდუმზე ვინმემ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭიროს.
ამიტომ ამ საგადასახალო სისტემას მე დავარქვი ”საგადასახადო სისტემის იეღოვიზაცია”. იცით, რატომ არის იეღოვიზაცია? იაღოველს როდესაც ეუბნებიან, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლის გადასხმაზე უარს იტყვის და არც ამ შეკითხვას აქვს აზრი, ისევე როგორც იმას, რომ ხალხს გადასახადების გაზრდა ჰკითხო. ხალხმა რომც იცოდეს, რომ გადასახადების გაზრდის გარეშე დაიღუპება, ხმას მაინც არ მისცემს”, - აცხადებს ლადო პაპავა.
ამ მოსაზრების საპასუხოდ კი მთავრობა აცხადებს, რომ გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა, ავტომატურ რეჟიმში გადასახადების გაზრდის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ამის მაგალითად კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა შვეიცარიის მაგალითს ასახელებს, სადაც ”გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება ასევე მოსახლეობის პრეროგატივაა და რამდენიმე ხნის წინათ მათ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს”. კერძოდ, შვეიცარიის მთავრობამ შესძლო მოსახლეობის დარწმუნება, რომ გადასახადების გაზრდა აუცილებელი იყო.
-”ჩვენ შემთხვევაშიც იზრდება მთავრობის როლი, რათა მათ არგუმენტირებულად შესძლოს მოსახლეობის დარწმუნება გადასახადების გაზრდის აუცილებლობაში”, - აცხადებს ლეჟავა.
ლადო პაპავას კი ეს არგუმენტი უსაფუძვლოდ ეჩვენება და აცხადებს, რომ მთავრობას ახლა უკან დასახევი გზა აღარა აქვს და გამოსავალს ასეთი განცხადებების გაკეთებაში ეძებს.
-”ზუსტად შვეიცარიის დონის ქვეყანა ვართ, არა? ეს არის პოპულიზმის შედეგი, როდესაც პრეზიდენტი ხშირად რაღაცას იტყვის ხოლმე და მერე მთელ ხელისუფლებას უწევს რაღაცების მოგონება, რათა მისი ნათქვამი განმარტონ. ასე გაისროლა რეფერენდუმის საკითხიც და ახლა არ იციან, რა მოუხერხონ. სულ უარის თქმას ვერ ახერხებენ და გამოსავალს ეძებენ.
როგორც ჩანს, ამიტომ თქვეს უარი ჯერ აქციზის გადასახადზე, ახლა ქონების გადასახადზე და ბოლოს არცერთი გადასახადი აღარ შერჩებათ და ეს ნორმა მკვდარი ნორმა აღმოჩნდება”, - აცხადებს ლადო პაპავა.
თეონა ხარაბაძე
Tags: ბეჟან ბუცხრიკიძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლადო პაპავა, სარეფერენდუმო გადასახადები








2010-07-14 17:15:55

2010-07-10 14:22:05


2010-07-17 13:14:22




