კონტროლის პალატა, რომლის არსებობაც ცოტა ხნის წინ თითქმის არავის ახსოვდა, შესამჩნევად ახმაურდა. უკვე გამოიკვეთა 10 ძირითადი სფერო, რომლითაც ეს უწყება 2010 წელს დაინტერესდება. შემოწმდება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს პროგრამები, შეისწავლიან საგანმანათლებლო უწყებებში არსებულ ვითარებასა და იქ მიმდინარე რეფორმებს, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, რეგიონებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და სხვა.
მოკლედ, კონტროლის პალატა შეამოწმებს ყველას და ყველაფერს, ცაში ჩიტს და დედამიწაზე ჭიანჭველას, თუმცა რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, ძნელი სათქმელია. რიგ შემთხვევაში, კონტროლის პალატის მასალები სკანდალის საფუძველი ხდება, თუმცა ამ უწყების მიერ გამოვლენილი თანხების არაკანონიერი და არამიზნობრივი ხარჯვა ჯერაც არ გამხდარა რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საფუძველი.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის გააქტიურება მხოლდ და მხოლოდ მისასალმებელია, იმიტომ რომ ქვეყანას ნამდვილი, მოქმედი კონტროლის პალატა სჭირდება, რომელიც ამომუწრავ ინფორმაციას მიაწვდის ყველას, თუ რა ხდება სახელმწიფო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებით.
-„მაგრამ იმავდროულად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს გააქტიურება იყოს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებული – უცებ ერთ სამინისტროს ან, ერთ უწყებას რომ მიადგნენ, ეს აშკარად თვალშისაცემი იქნება. ამიტომ, საჭიროა ფართომასშტაბიანი შემოწმებების დაწყება, მათ შორის საელჩოების, რომ იპოვონ დარღვევები, დავუშვათ, ირაკლი ალასანიას და სხვა ყოფილი ელჩების საქმიანობაში, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული ნოღაიდელის მიმართაც. ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის გადაწყვეტილებებში მოიძებნოს ისეთი, რომელზეც შეიძლება მას პასუხი მოეთხოვოს. არ არის გამორიცხული, რომ მიადგნენ ასევე საზღვრის დაცვის ყოფილ დეპარტამენტს ანუ სასაზღვრო პოლიციას. ნუ დაგვავიწყდება, რომ კონტროლის პალატა ერთ–ერთი ქმედითი იარაღია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად“.
კონტროლის პალატა ადრეც უნდა გააქტიურებულიყო, მიიჩნევს, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე, თუმცა მისი შეფასებით დღევანელ აქციას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს:
-„არჩევნების წინა პერიოდია და ყველა დარღვევას მეტ ყურადრებას მიაქცევენ. მოსახლეობა დაინახავს, რომ რაღაც ნეგატიურის მიმართ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, ეს ამომრჩეველზე კარგად მოქმედებს“– აცხადებს ტყემალაძე.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის გეგმებში, პირველ რიგში, ჯანდაცვა და განათლება შედის. კონტროლის პალატაში იმასაც კი ამბობენ, რომ განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეფორმამ უკვე მოიტანა ის შედეგები, რომელთა აუდიტის დრო დადგა. (?!) საინტერესო პოზიციაა, რადგან უკვე ორი–სამი წელია, საზოგადოებამ იცის, რომ განათლება კორუფციაში იხრჩობა, ხელისუფლებას კი ვინმეს დასჯის ან რამის გამოსწორების ნება ჯერაც არ გამოუხატავს.
როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს: „ფინანსურ ანალიზსა და რევიზიას „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ გაივლის. სულ კონტროლის პალატა სახელმიწფო ბიუჯეტის ხარჯვას 10 სახელმწიფო სტრუქტურაში გააკონტროლებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ასევე უცხოეთში დიპლომატიურ მისიებში... პირველ ეტაპზე გერმანიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, მონაკო-პორტუგალიასა და იუნესკოში საქართველოს საელჩოების აუდიტი ჩატარდება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსების 80 პროცენტი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ საინტერესოა რაში ხარჯავენ საელჩოები თანხებს“.
სამომავლო გეგმები საფრანგეთსა და მონაკო–პორტუგალიაზე უფრო საინტერესოც არის, მაგრამ უკვე ჩატარებული შემოწმების მასალებსა და ბეჟაშვილის ბრალდებებს რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში აღმოჩენილ დარღვევებზე კომენტარი თავად ამ უწყებებსაც კი არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ პალატამ ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის კომპლექსური აუდიტი ჩაატარა და უწყება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხილა. (2007-დან 2009 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდი) შედეგად ეკონომიკის სამინისტროს „იაფი კრედიტის“ პროგრამით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ, ისინი რამდენიმე საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტებს სწავლობენ. ამის გარდა ეკონომიკის სამინისტროში შესყიდვების პროცედურების დარღვევა და კანონმდებლობით დაწესებული თანხების გადამეტებულად ხარჯვაც გამოვლინდა. ძნელი სათქმელია, საბოლოოდ ვისი ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთება და ხომ არ გადაუხდიან სამაგიეროს ყოფილ მინისტრს ლაშა ჟვანიას, რომელმაც ევროპული რეკომენდაციები არჩია სინგაპურიზაციას და ამავე დროს ოპოზიციონერი ალასანიას მეგობარიცაა.
სამართალდამცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შევიდნენ და სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამას სწავლობენ. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით სამუშაოები არასწორად იყო დაგეგმილი, რადგან თავიდან პროგრამა 4 მილიონ 800 ათასი ლარი ღირდა, ორ თვეში კი ბიუჯეტი 14 მილიონამდე გაზარდა. ამის გარდა, ოთხ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი 8 მილიონი ლარი დოკუმენტებში დასაბუთების გარეშე აისახა. სამშენებლო კომპანიები კი ახალი მილების ნაცვლად მეორად, ამორტიზებულ მილებს იყენებდნენ. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ყველაფერი დოკუმენტალურადაა გამყარებული. კონტროლის პალატის დასკვნაში, პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას არასათანადოდ და უხარისხოდ ორგანიზებულმა ტექნიკურმა ზედამხდველობამ სახელმწიფოს 20 ათასი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა. არაპირდაპირი ზიანი კი შესაძლოა ასეულობით ათას ლარს აჭარებებდეს.
-„მოდით ნუ ვიჩქარებთ, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და სინამდვილეში ჩაფიქრებული იყოს, რომ კონტროლის პალატამ შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მის მიერ მართლა არის შესასრულებელი, ანუ კონტროლი გაუწიოს სახელმწიფო ხარჯებს. მაგრამ თუ ამ გამოვლენილ დარღვევებზე არავის პასუხი არ მოეთხოვა, მაშინ სავარაუდოდ, სწორედ ის ვერსიაა მართალი, რომ შესაძლოა, ჩაფიქრებული იყოს კონკრეტული ადამიანების დასჯა და ამიტომაც ტარდება ასეთი ფართომასშტაბიანი შემოწმება რომ ის პირები გამოავლინონ, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან“ –აცხადებს პაპავა.
თუმცა, არ არის გამორიცხული, ბაკურ კვეზერელს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პერტე ცისკარიშვილის შემდეგ ხელმძღვანელობს, პასუხიც მოსთხოვონ და სადმე საწავლებლად გაუშვან, ან რომელიმე გათავისუფლებული ელჩის ადგილი უფეშქაშონ იმ 10 მილიონისთვის, რომელიც ალბათ, ისევ მთავრობის მითითებით მოიხსნა ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მინისტრობა და პარტიის ერთგულება ასეთ მსხვერპლსაც გულისხმობს, ყოველ შემთხვევაში, ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქვს, რომ ვიღაც აუცილებლად დაისჯება.
-„აქამდე ხარჯვის პერიოდი იყო, ახლა კონტროლის დრო დადგა. რაკი ასეთი გააქტიურება დაიწყო, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორც ვიცი განათლების სფერო უნდა შემოწმდეს, დღეს იქ ახალი მინისტრია და თუ რამე დარღვევა აღმოჩნდება, ძველ მინისტრებს მიაპყრობენ ყურადღებას. ასევე მოხდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ალბათ, სამწლიან პერიოდს შეამოწმებენ და ძველ დირექტორს „მოკითხვის ბარათს“ გაუგზავნიან. საელჩოების შემოწმებაც ბუნებრივი მომენტია და არ არის გამორიცხული, დარღვევების შემთხვევბაში, აქაც მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები”– აცხადებს ტყემალაძე.
მისივე შეფასებით, ერთადერთი, კონტროლის პალატას კერძო უწყებებისკენ არ უნდა გაუწიოს გულმა, რადგან მისი ფუნქცია საბიუჯეტო ორგანიზაციების კონტროლია, თუმცა ტყემალაძე ეჭვობს, რომ შესალოა საქმე აქამდეც მივიდეს.
კონტროლის პალატა სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტსაც შეამოწმებს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კონტროლის პალატა ვინმეს პასუხისმგებლობის მიზეზი არ გამხდარა, ბეჟაშვილი ფინანსურ უწყებებს შემოწმებამდე შიშის ზარს სცემს.
-„ეს საკითხი ჩვენი ინტერესების სფეროში იმიტომ მოხვდა, რომ პარალმენტმა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში განიხილა საბიუჯეტო კოდექსის პროექტი, რომელიც დღეს უკვე კანონია, უფრო სწორად მიმდინარეობს საბოლოო პროცედურები, თუმცა ჩვენი წინასწარი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისას დახარჯული აქვს 180 ათასი აშშ დოლარი, რაც დიდი თანხაა. გვაინტერესებს რატომ მოხდა ასეთი დიდი თანხების ხარჯვა ამ პროექტის განხორციელებაზე“ - აცხადებს ბეჟაშვილი.
ფინანსური სექტორის გარდა ეჭვები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ჩნდება. როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხების, დაახლოებით 70 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინა.
-„საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რეფორმა განხორციელდა, ამიტომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს თუ რაში ხდება მათ მიერ გადახდილი გადასახადების დაბანდება საზოგადოებრივ მაუწყებელში“ – აცხადებს ბეჟაშვილი.
ცნობილია, რომ შემოწმება თამარ კინწურაშვილისა და ლევან ყუბანეიშვილის პერიოდებს შეეხება. რამდენიმე თვის წინ ყუბანეიშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. წასვლის მიზეზი ოფიციალურად არავის გაუმარტავს. ამის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 მილიონი ლარის კრედიტის აღება დაჭირდა, რათა თანამშრომლებისთვის ხელფასები გადაეხადა.
ამდენი დარღვევის ერთად მონელება საზოგადოებას გაუჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მანამდე კი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კონტროლის პალატა გაიხსენეს, განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას საქმე იყო. როდესაც მას კონტროლის პალატამ 40 მილიონიანი გაფლანგვა აღმოუჩინა, მაშინ ლომაიამ კონტროლის პალატა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. კორუფციაში მხილებული მინისტრი განათლების სამინისტროს გაარიდეს, თუმცა მისი პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაუყენებია.
-„თუ განათლების სამინისტროში დარღვევები იყო, მაშინ ლომაია უშიშროების საბჭოს მდივნად კი არ უნდა გადაეყვანათ ან შემდეგ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად გაეშვათ... იმასაც ნუ ვიტყვით, რომ ლომაია სამინისტროს ჩამოაშორეს, არა, ლომაია დააწინაურეს, იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა, რომელიც კოორდინაციას უწევს ძალოვან უწყებებს, ბევრად უფრო მაღალი თანამდებობაა, ვიდრე ერთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობა. რაც ლომაიასთან დაკავშირებით მოხდა, სულაც არ არის დასჯის პრეცედენტი“ –აცხადებს პაპავა.
კონტროლის პალატის მასალების საუძველზე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შემთხვევას ვერც ზურაბ ტყემალაზე იხსენებს:
-„ალბათ იმიტომ რომ ერთი გუნდია და ერთ გუნდად რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარ გუნდის წევრსაც მოსთხოვენ პასუხს“– ამბობს ტყემალაძე.
ლადო პაპავა კი ფიქრობს, რომ აქამდე კონტროლის პალატა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი იყო და იმედი აქვს მომავალში მაინც ეს ასე აღარ იქნება.
-„ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, რაც გაპიარდა, ეს იყო ოქრუაშვილის თემა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა. ღმერთმა არ ქნას რომ კონტროლის პალატა ისევ ისეთ უწყებად დარჩეს, როგორადაც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად დარჩეს. ეს მაშინ, თუ ამ შემოწმებებს რეაგირება არ მოჰყვა, შესაძლოა, ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ აგორდა, რომ კომპრომატები დაიდოს პოლიტიკურ ოპოზიციაზე.
შეგახსენებთ, როდესაც ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ალასანია თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აპირებდა, კაცმა არ იცის რა უფრო სწრაფად მოხდა, მის მიერ განცხადების დაწერა თუ მისი მოხსნა. თანაც მას სხვა ელჩებიც მიაყოლეს, რომ ეს, როგორც ალასანიას გადადგომა, ისე არ გაფორმებულიყო“– აცხადებს პაპავა.
თუ ხელისუფლებას მართლაც ოპოზიციის კომპრომენტირება აქვს განზრახული, შესაძლოა, საკუთარი შვილებიც გაწიროს, თუმცა ისიც ვიცით, რომ საკადრო საკითხი სააკაშვილის ხელისუფლების სუსტი წერტილია. გამუდმებით კარუსელზე შემომსხდარი ერთი და იგივე სახეების სხვადასხვა მინისტრებად ტრანსფორმირებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ასეთ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, თავად ხელისუფლების წიაღში მიმდინარეობდეს დაუნდობელი ბრძოლა. ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრეობის გადასაბარებლად სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს. ამ ომს კი შესაძლოა ორი კურდღელი მოჰყვეს – ხელის შემშლელი ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია და რომელიმე სახელისუფლებო დაჯგუფების შესუსტება.
-„არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ახლაც პიარისტული ფუნქციის მატარებელია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გარკვეული ფაქტები აგორდეს. თუ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებით რაიმე რეალური ნაბიჯი გადაიდგა, გამოდის, რომ ვცდები ამ შეფასებაში. თუ მაინც და მაინც ალასანიასა და მისი გუნდის სხვა დიპლომატებზე აგორდა თემა, სკანდალი მოჰყვა ნოღაიდელის, ბადრი ბიწაძის საქმიანობას, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ოპოზიციის დევნა, თუმცა არ არის გამორიცხული, ქათამივით, საკუთარი ხელისუფლების მეტ–ნაკლებად უწყინარი რომელიმე მინისტრიც ზედ დააკლან” – აცხადებს პაპავა.
ირაკლი ოქრუაშვილის უწყების შესახებ კონტროლის პალატის მასალები შს სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლის პერიოდში დაიდო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გასკანდალდა, რაც იგი ოპოზიციაში წავიდა.
შესაძლოა არა პოლიტიკური მაგრამ დევნის იარაღის როლს კონტროლის პალატა მანამდეც ასრულებდა. სწორედ მისი მასალების საფუძველზე მოხდა სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძრვანელის დაკავება და შემდეგ დევნილობაში წასვლა. თუმცა, როგორც ჟურნალისტური მოკვლევისას აღმოჩნდა, ძალოვანი სტრუქტურების მაფიას, რომელიც საქართველოდან ხე–ტყის გატანით იყო დაკავებული, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი უშლიდა ხელს. ამ საქმეს კონტროლის პალატის კიდევ ერთი თანამშრომელი შეეწირა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სატყეო დეპარტამენტის უფროსზე, ბიძინა გიორგობიანზე, საქსტანდარტის ხელმძღვანელ მიხეილ ჯანიკაშვილსა და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის თამარ ლებანიძის მეუღლეზე საქმეების შედგენა დაავალეს.
როცა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არსებობს, საკმაოდ ძნელია დაიჯერო, რომ ოდესმე ბიუჯეტს წურბელებივით მიმსხდარ ჩინოვნიკებსა და მათ დამკვეთებს პასუხს მოსთხოვენ. არადა, სააკაშვილის ხელისუფლებას ასე რომ დაეწყო მოღვაწეობა, სახელმწიფოს ის პრობლემები არ შეექმნებოდა, რის წინაშეც დღეს აღმოვჩნდით.
ლალი ზირაქიშვილი
Tags: ალასანია, ბეჟაშვილი, ბიწაძე, კონტროლის პალატა, ნოღაიდელი, პაპავა, ტყემალაძე








2010-07-14 17:15:55

2010-07-10 14:22:05


2010-07-17 13:14:22




